ამქვეყნად არსებობენ ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც საკუთარი გარჯით ბედნიერებას მოიპოვებენ. სამყარო მათ ეხმარება.
არსებობენ გაურჯელად ან ბუნებითაც ბედნიერი ადამიანებიც. სამყარო მათ აჯილდოებს.
არიან ისეთებიც, რომლებიც სიცოცხლის ყოველ წამს ბედნიერად ყოფნას ირჩევენ. ეს მათი უზადო ნიჭიერებაა - ბედნიერ ადამიანად ყოფნის ტალანტი. ასეთები ღმერთს ყველაფრისთვის (უბედურებით გამოცდისთვისაც) მადლობას ეუბნებიან. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"ცხადია, არსებობენ ბედნიერებისთვის მებრძოლებიც, რომლებიც მის მოსაპოვებლად სხვა ადამიანთა ცხედრებზეც გადაივლიან - მათ ჰგონიათ, რომ ნებისმიერი სიხარული ბედნიერებაა.
ყველას აქვს უფლება, ბედნიერი იყოს.
ეს კაცის უფლებაა.
ნამდვილი ბედნიერება კი ის არის, როდესაც წუთისოფლის გზაზე შენ, ღმერთი და სხვა ადამიანი ერთად მიდიხართ.
მზე მაშინ შენთვის ანათებს - გარეთაც და გულშიც." - წერს გია მურღულია.