"2025 წლის 30 მაისის ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ტენტის ზედა (მესამე) ფენა (იხილეთ დრონიდან გადაღებული ფოტო), თუმცა მის ქვემოთ განთავსებული ორი მთავარი დამცავი ფენა სრულად ასრულებს თავის ფუნქციას და ატმოსფერული ნალექების შეღწევის საფრთხე ტაძარს არ შექმნია" - ნათქვამია გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში, რომელიც გელათის ტაძრის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს უკავშირდება.
"გელათის მთავარ ტაძარზე გუმბათის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოების ფარგლებში, საინჟინრო საჭიროებიდან გამომდინარე, დროებით მოიხსნა ჯვარი, ხოლო მისი ძირი გადაიფარა დამცავი ტენტის სამი ფენით, რათა გადაზღვეული ყოფილიყო ყველა შესაძლო რისკი ვიდრე არ დასრულდება გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობის სამუშაობი. 2025 წლის 30 მაისის ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ტენტის ზედა (მესამე) ფენა (იხილეთ დრონიდან გადაღებული ფოტო), თუმცა მის ქვემოთ განთავსებული ორი მთავარი დამცავი ფენა სრულად ასრულებს თავის ფუნქციას და ატმოსფერული ნალექების შეღწევის საფრთხე ტაძარს არ შექმნია.
იქიდან გამომდინარე, რომ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი უწყვეტად ახორციელებს მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესების უწყვეტ მონიტორინგს, ძლიერი ქარის დროს, მყისიერად დაიგეგმა გადაუდებელი ღონისძიებები და უკვე 1 ივნისს, დილის 08:30 საათისთვის, ზემოაღნიშნული დაზიანებული მესამე ფენა ტენტი ჩანაცვლდა ახალი საფარით (იხილეთ ფოტო).
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მოვლენები შეაფასოს სრული სურათისა და ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფოტო-ფრაგმენტების ინტერპრეტაციით. გელათის მონასტრის რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროცესია, რომელიც იმსახურებს პროფესიულ მხარდაჭერას და სანდო კომუნიკაციას." - ნათქვამია განცხადებაში.
შენიშვნა:
30 მაისს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის დრონით გადაღებულ ფოტოზე, მესამე დამცავი ფენა დაზიანებული ტენტის ქვეშ, ნათლად ჩანს არსებული მეორე ფენა დამცავი ტენტი, რომელიც თავის მხრივ ფარავს პირველ ფენა, ქვედა დამცავ ტენტს.