საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მამუკა ბარათაშვილი წარუდგინა, რომელიც ამავე დროს, გააგრძელებს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას.
შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა შემოსავლების სამსახურის მუშაობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ გაგრძელდება ყველა ის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი და უწყვეტი საგადასახადო/საბაჟო ადმინისტრირების პროცესის წარმართვას.
ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა მამუკა ბარათაშვილის მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული საქმიანობა ახალ პოზიციაზე კვლავ გაგრძელდება.
თავის მხრივ, მამუკა ბარათაშვილმა მადლობა განაცხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახური უწყების ყველა თანამშრომელთან ერთად, კვლავ გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობას და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას.
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, მიხეილ მაღლაკელიძეს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს მხარდაჭერისთვის და მამუკა ბარათაშვილს წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე მუშაობის პროცესში.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.









