საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 48.06 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 276.96 მლნ ლარით, ანუ 0.58%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 934.94 მლნ ლარით, ანუ 5.11%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 657.98 მლნ ლარით, ანუ 2.23%-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 50.27 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.91 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.91% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.52%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.55%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.31%, ხოლო ევროს წილმა 19.78% შეადგინა.