მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამლედიანი სინოდალური სხდომის დასკვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
"წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ქრისტესმიერ საყვარელო სასულიერო პირებო და მორწმუნეებო,
სამღვდელმთავრო პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობითა და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონებისა და საეკლესიო წესრიგის გათვალისწინებით, ვალდებულად ვთვლი თავს გამოვეხმაურო საქართველოს საპატრიარქოში არსებული გაფართოებული სინოდალური კომისიის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებას, რომელიც ეხება ჩვენი ეპარქიის საეპისკიპოსო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის (ეპიტიმიის) გაუქმებას.
პირველ როგში მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მე, როგორც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი და წმინდა სინოდის წევრი, ყოველთვის მორჩილი ვრჩები ჩვენი წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესრიგისა და ჩვენი საპატრიარქოს ერთიანობის მიმართ. თუმცა მსურს პატივისცემით გამოვხატო ჩემი უთანხმოება აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონები (კერძოდ, 32-ე სამოციქულო, ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-5 და ანტიოქიის კრების მე-6 კანონი) ნათლად ადასტურებენ, რომ სასულიერო და საერო პირების განსჯასა და აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები პირველ რიგში ადგილობრივი ეპისკოპოსის (იხ. ასევე საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება VII თავის §17), ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში ეკლესიის მეთაურის თავმჯდომარეობით მოწვეულ ეპისკოპოსთა კრების კომპეტენციას მიეკუთვნება (იხ. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება II თავის §9). გარდა ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობა ცალსახად განსაზღვრავს, რომ ეპარქიის ეპისკოპოსსა და სასულიერო ან საერო პირებს შორის წარმოშობილი დავები შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ წმინდა სინოდის ან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ (იხ. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება IV თავის §28). თუმცა ორივე შემთხვევაში (კათოლიკოს-პატრიარქთან ან წმინდა სინოდთან გასაჩივრების შემთხვევაში) მომჩივანს/ბრალდებულს უნდა ჰქონდეს “საკმარისი საფუძველი თავიანთი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის განაჩენის გასაჩივრებისათვის” (საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება IV თავის §28) და ანტიოქიის კრების მე-6 კანონის თანახმად მომჩივანი/ბრალდებული თავად უნდა გამოცხადდეს მეორე ინსტანციის საეკლესიო სასამართლოზე და თავი იმართლოს და თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს საპატრიატქოს გაფართოებული სინოდალური კომისიის მიერ ამგვარი პროცედურა არ იქნა დაცული.
კანონიკური სასჯელის (როგორიცაა უზიარებლობით დასჯა) მოხსნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას საეპისკოპოსო სასამართლო აწესებს, უნდა აღსრულდეს საეკლესიო კანონისა და კანონიკური წესრიგის მკაცრი დაცვით. ასეთი განაჩენის ნებისმიერი ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც.
მე კვლავაც ვლოცულობ და ვიტოვებ იმედს, რომ საკითხი საბოლოო განხილვისთვის გადაეცემა სათანადო და კომპეტენტურ სინოდალურ ორგანოს, ე.ი. საქართველოს მართლმადიებელი ეკლესიის წმინდა სინოდს (საქართველოს ეკლესიის მართვა გამგეობის დებულება, II თავი, §1: “საქართველოს ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის საქართველოს. ეკლესიის საეკლესიო კრებას - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს”), სადაც საკითხი წმინდა კანონებით გათვალისწინებული პროცედურითა და ეპისკოპოსთა ხმათა უმრავლესობით (იხ. ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-6 კანონი) გადაწყდება ჩვენი ეკლესიის კანონიკური ტრადიციის შესაბამისად და ყველა მონაწილის სულიერი კეთილდღეობის მიზნით. დაე “ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ” (I კორ. 14: 40).
უფალმა მოგვანიჭოს სიბრძნე, გამჭრიახობა და ერთიანობა"- წერს ეპისკოპოსი.