საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კვიპროსის რესპუბლიკაში გამართულ ღონისძიებას კვიპროსის კულტურის მინისტრი, ლინა კასიანიდუ დაესწრო.

საკუთარ მიმართვაში მან ისაუბრა საქართველოსა და კვიპროსის ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, ხალხთაშორის მჭიდრო კავშირებზე.  

"მსურს, ქართველ ხალხს გადავცე ჩემი გულწრფელი მოლოცვა. ეს დღესასწაული აღნიშნავს საამაყო ფურცელს თქვენი ქვეყნის ხანგრძლივსა და მედეგ ისტორიაში. ვუსურვებ საქართველოს მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობასა და წინსვლას. კვიპროსსა და საქართველოს აკავშირებთ ხალხთაშორისი მჭიდრო კონტაქტები, რომლებიც დაფუძნებულია საერთო ისტორიაზე, კულტურასა და სარწმუნოებაზე.
ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია, რომ კვიპროსში ვმასპინძლობთ ძლიერ და აქტიურ ქართულ დიასპორას, რომელიც წარმოადგენს ნამდვილ მეგობრობის ხიდს კვიპროსსა და საქართველოს შორის."- განაცხადა მინისტრმა. 

მან ასევე ისაუბრა საუკუნეების წინ კვიპროსში არსებულ  სამონასტრო ცხოვრებაზე, როგორც  ორ ხალხს შორის არსებული ისტორიული ფესვების დასტურზე -"ქართველების ყოფნა კვიპროსში, ფაქტობრივად, მრავალ საუკუნეს ითვლის. ისტორიული წყაროები შეგვახსენებენ, რომ ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში, ქართველი ბერები ჩავიდნენ კვიპროსში, დააარსეს მონასტერი და შექმნეს სამონასტრო ცხოვრება პაფოსის რეგიონში, იალიაში, რაც ჩვენს ორ ხალხს შორის არსებული ღრმა ისტორიული ფესვების დასტურია"

მინისტრმა გამოხატა კვიპროსის მხარდაჭერა საქართველის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  "კვიპროსის რესპუბლიკა ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. გადავცემ ჩემ გულწრფელ მოლოცვას და საუკეთესო სურვილებს ქართველ ხალხს"-განაცხადა მინისტრმა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კვიპროსში საქართველოს საელჩომ გამოფენას უმასპინძლა, რომელზეც წარმოდგენილი იყო კვიპროსში დაცული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.