დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა იხსნება.
რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით 11-დან 14 აპრილამდე გასტანს.
თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 14:00 საათზე ექსკლუზიური ჩვენებით გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების მიმართულების სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
დღესვე, 17:00 საათიდან ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნება და დამთვალიერებლებს ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
წლევანდელ გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. 45 ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი Hive-დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში.
თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა, დამთვალიერებელს შესთავაზებს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებულ გამოფენებს, მასტერ კლასებსა და Art Talk-ებს.
გამოფენა 11 აპრილს 17:00-დან 21:00 საათამდე მიიღებს დამთვალიერებელს, ხოლო 12-14 აპრილს - 12:00-დან 20:00 საათამდე.