ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის დელფინარიუმი ავრცელებს. 

"სქესი ჯერჯერობით უცნობია. მამა პედროა. პატარა სრულიად ჯანმრთელია. იკვებება დედის რძით. დაიბადა მუქი ყავისფერი ბეწვით. წონა სავარაუდოდ 5-7 კგ-ია, სიგრძე 65 -70 სმ. პატარა სელაპი დედის ყურადღების მისაქცევად ხმის ტონს უწევს ხოლმე, ადამიანთა მსგავსად. საქართველოში მყოფ სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში ეს უკვე რიგით 11-ე მატებაა. მათი საბინადრო ტერიტორია მოიცავს საცურაო და საკარანტინო აუზებს, ხელოვნურ გამოქვაბულს.

16 აგვისტოს, დილით 08:15 წუთზე, დელფინების ოჯახში დანამ მეორე შვილი გააჩინა (პირველი ტოჩია, რომლის ხილვაც შოუს მიმდინარეობისას შეგიძლიათ). დანამ ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადას ოდნავ გადააცილა, რაც ზოგადად, ზღვის ძუძუმწოვრებში მდედრობითი სქესის ნაყოფის ყოლის დროს ხდება ხოლმე. ჯერ-ჯერობით სქესი დაზუსტებული არ არის. დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. დაბადებისთანავე დანამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთვის. რის შემდეგაც პატარამ დედასთან ერთად მშვიდად დაიწყო სინქრონული ცურვა. ახალშობილის წონა სავარაუდოდ 12-14 კგ-ა, სიგრძე დაახლოებით 110 სმ. არის ღია რუხი შეფერილობის. დაბადებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დედამ შვილი რძით გამოკვება. ცნობისთვის, ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, ხოლო 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად პატარა, თევზსაც მიირთმევს. ახალშობილის სქესი, ჯერჯერობით, უცნობია.

მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დედისა და ახალშობილის, უსაფრთხოების ნორმების გამო, შეჩერდა ინტერაქტივის (დელფინებთან ცურვის) სერვისი", - ვკითხულობთ დელფინარიუმის ვებგვერდზე.