საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ანსამბლ „დიელოს“ სოლისტის, გივი გაბუნიას, გარდაცვალების გამო.
გივი გაბუნია სტუდენტობიდან ხელმძღვანელობდა თსუ-ს თვითშემოქმედებას, ხოლო 1964 წლიდან მარეხ გოძიაშვილის ანსამბლ ,,ლილეს“. 1966 წლიდან იყო „დიელოს“ სოლისტი. ანსამბლის მრავალფეროვან რეპერტუარში შესულია ქართველი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები, ინგლისურენოვანი ჰიტები, კლასიკური მუსიკის ნიმუშები. ანსამბლმა გამოსცა ცხრა ფირფიტა და სამი კომპაქტდისკი, მუსიკალურად გააფორმა კინოფილმები „წარსული ზაფხული“ და „შეხვედრა მთაში“, გამართა კონცერტები 67 ქვეყანაში. 1977 წელს გივი გაბუნიამ ჩამოაყალიბა ანსამბლი „ენგური“. 80-იან წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური კოლექტივების დირექტორი. გივი გაბუნიას შემოქმედებამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს საესტრადო მუსიკალურ ხელოვნებაში.კულტურის სამინისტრო უსამძიმრებს გივი გაბუნიას ოჯახსა და ახლობლებს.