ფოთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში კულტურული, სპორტული, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებითი აქტივობები მიმდინარეობს.

მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილი ისტორიული ინსტალაციები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი საგამოფენო და საინფორმაციო სტენდები, სპეცტექნიკა და აღჭურვილობა, სასაზღვრო პოლიციის ახალი ვერტმფრენი, საზღვაო აკადემიის სივრცე.

საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

"სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალაქ ფოთში მასპინძლობს მოსულ სტუმრებს. ჩვენ გამოფენილი გვაქვს სხვადასხვა დანაყოფის როგორც სპეცტექნიკა, ასევე, თითოეულ დანაყოფს აქვს თავისი სტენდი.

აქ არის მოწყობილი მომსახურების სააგენტოს იმიტირებული მართვის მოწმობის გამოცდა, საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს წარმოდგენილი აქვს ქიმიური შოუ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს იმიტირებული გამშვები პუნქტი და უსაფრთხო ქალაქი, აქვე არის დაცვის პოლიციის დანაყოფი და გამოფენილია ტექნიკა," - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.