აღსრულების ეროვნული ბიურო დიდუბეში, საცხოვრებელი სახლის სადარბაზში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე კომენტარს აკეთებს.

უწყებაში ადასტურებენ, რომ მხარეებს შორის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიურო მორიგების მიზნით აქტიურ მედიაციას აწარმოებდა.

„ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება. მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მხარეებთან ბოლო შეხვედრა გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, რათა მომხდარიყო უძრავი ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ“, – განმარტავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

მკვლელობა თბილისში, დიდუბის რაიონში 11 ნოემბერს მოხდა. ცოლ-ქმარს საცხოვრებელ კორპუსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

დღეს დილით შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები.