"იქ მიგვიღებენ სადაცა, გმირთა სავანე არია,  იქ იქნებიან ქართველნი, ვინც სამშობლოსთვის მკვდარია" -  თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებისა და  საქართველოს თავდაცვის ძალების წვევამდელთა ფიცის დადებამდე დამსწრე საზოგადოებამ და მთავრობის შემადგენლობამ პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

"26 მაისს, ყოველწლიურად ვიხსენებთ საქართველოს გმირებს. წელს 100 წელი გავიდა თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამოაზრის. კიდევ ერთი დიდი ფშაველი პოეტის, მიხა ხელაშვილის გარდაცვალებიდან. მას 25 წელი შეუსრულდა იმ ღამეს, როდესაც მძინარე მოკლეს ჩეკა-ს მიერ მოსყიდულმა ე.წ. ძმადნაფიცებმა. საბჭოთა კავშირში მისი სახელი იკრძალებოდა, მისი ავტორობა იმალებოდა, მაგრამ ის ამაღლებული პოეზია მაინც შემორჩა საქართველოს. მისი შემოქმედება ქართული კულტურის მონაპოვრად იქცა, მიხა ხელაშვილი კი, როგორც ყველა ნამდვილი გმირი ჩვენი ქვეყნის სიამაყე და ხატება გახდა. ქართველ მებრძლთა თავგანწირვით და სამშობლოსადმი მათი უსაზღვრო ერთგულებით ვართ დღემდე მოუსულნი და დღეს მათ ჩოლოყაშილისადმი მიძღვნილი მიხა ხელაშვილის სიტყვებით მივაგებთ პატივს:

იქ მიგვიღებენ სადაცა,

გმირთა სავანე არია,

იქ იქნებიან ქართველნი,

ვინც სამშობლოსთვის მკვდარია.

საუკუნო ხსენება ყველა დროის ქართველ მებრძოლთა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას" - ითქვა საზეიმო და ოფიციალური ცერემონიის დაწყების წინ.