ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 800,0 მლნ ლარზე მეტითაა გაზრდილი, რომლის ფარგლებში, 2026 წლიდან ასაკით პენსიონერთა პენსია გაიზრდება.

კერძოდ, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით, ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, მაღალმთიან დასახლებებში კი 444 ლარი იქნება.

ამასთან, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.

ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი.

2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია საქართველოს მთავრობამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.