"არა რუსულ კანონს!" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სადაც მოქალაქეთა ნაწილსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას მოხდა და რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის თქმით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს.

მისივე თქმით, ისინი დაკავებულები არიან პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის. 

„ამ ეტაპისთვის დაკავებულია 4 პიროვნება, წვრილმანი ხულიგნობისა და  პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. როგორც ხედავთ, ადგილზე მიმდინარეობდა აქცია, რომელიც გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში. 
არაერთხელ მოუწოდა პოლიციამ  აქციის წევრებს გზის გახსნისკენ, წესრიგისკენ, თუმცა არ დაემორჩილნენ და პოლიციელებმა შესაბამისად იმოქმედეს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ: პარლამენტში, სადაც  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა.

სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე.

პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა თავდაპირველად სხდომათა დარბაზის გარეთ დაიწყო, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობდნენ, რასაც მანდატურის სამსახურთან.

ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და ასევე გიორგი ვაშაძე.

მოგვიანებით კი,  სიტყვიერი და ფიზიკურ დაპირისპირება დეპუტატებმა ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში გააგრძელეს, რა დროსაც პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით დარბაზიდან გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები.

ჟიული შარტავს სახელობის სხდომათა დარბაზი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დარბეულია, ამასთან, გრძელდება შეძახილები „არა, რუსულ კანონს“. ხმაურისა და დაპირისპირების გამო ამ დრომდე არ დაწყებულა სხდომა, დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ მედიას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.

პარალელურად პარლამენტის ფოიეში პროტესტს გამოხატავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.