თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი მიუსაჯა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

 თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო.

 სასამართლო პოცესებზე ამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა შემდეგი: ბრალდების პირველი ეპიზოდი - ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თბილისში მოწყობილი თაღლითური ქოლ-ცენტრის, თანამდებობრივი ავტორიტეტის და ძალაუფლების გამოყენებით მფარველობისათვის, 2021-2022 წლებში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით აიღო 1 365 000 აშშ დოლარი.

 ბრალდების მეორე ეპიზოდი - 2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასა და განვითარების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმების მსურველ ინვესტორს, საკითხის ლობირებისა და სასურველი შედეგის მისაღწევად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით გამოართვა 1 000 000 აშშ დოლარი.

 ბრალდების მესამე ეპიზოდი - 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დირექტორს და დამფუძნებელს გაზიფიკაციის ტენდერებში ლობირების და გამარჯვების სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილმა მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი.

 ბრალდების მეოთხე ეპიზოდი - გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებისათვის მეწარმე სუბიექტებისგან, სააგენტოს თანამშრომლების მეშვეობით, ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ,

 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავა.

გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ქოლ-ცენტრების მფარველობას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლილუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.