შსს-მ 8-9 სექტემბერს,  თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული სამი პირიდან ორი გაათავისუფლა. ხოლო ერთ-ერთი დაკავებული, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დაზიანებას ედავებოდნენ, გირაო გადახდის შემდეგ გათავისუფლდება  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. 

"მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, 8-9 სექტემბერს, ქალაქ თბილისში მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული სამი პირის შესახებ.

 დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან.

 რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს როგორც ჩვენთვის ცნობილია,  საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან." - განაცხადა დარახველიძემ.

შეგახსენებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს,  თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან:1965 წელს დაბადებული ზ.მ. და  2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ზ.მ.-მ  და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის  მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს  მომხდარ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან   და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 162-ე პრიმა მუხლითა და 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო  განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებში  მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.