თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის მსჯავრდადებულ ირაკლი ბიბილეიშვილი 3 წლით კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებით: "გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და მათ პოლიცია ეძებდა, თუმცა, მან დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და დანაშაულის ჩამდენი პირები საცხოვრებელ სახლში შეიფარა. სამართალდამცველებმა ი.ბ. 24 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა".

ცნობისთვის, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კაველაძეს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა - სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება