საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისფაქტზე შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი - ზ.ჯ. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე სასარგებლო
წიაღისეულის, ტორფის მოპოვების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 800 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.