სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ყოფილ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 14 დეკემბერს საქმეზე - „ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა) პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება დაეკისრა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 15 მაისს, ქ. სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ.ნ.-მ, თანამშრომლებთან ერთად ადმინისტრაციული წესით დააკავა.
იმავე დღეს, დაკავებული პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს, სადაც მას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ.ნ.-მ ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რამაც ვლადიმერ მჭედლიშვილის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.