საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, 1,68191 გრ. ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის (ფუძე)“, რაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. მეორე ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 35,29 გრ. ახალი ფსიქოაქტიური - „ბუფოტენინის (5-hybroxy DMT)“ შემცველი ნივთიერება, რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.









