საქართველოს პროკურატურა ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეებზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან და ჩართულები არიან ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში ევროპის სხვა ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ერთად.
„საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს პროკურატურა არაერთი წელია აქტიურად ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ თაღლითური ქოლცენტრების გამოვლენის, დანაშაულში მონაწილე ფიზიკური თუ იურიდიულ პირების იდენტიფიცირების და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.
საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან და ჩართულები არიან ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში ევროპის სხვა ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ერთად.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა „ევროჯასთის“ მხარდაჭერით ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა მრავალი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან.
ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ტრანსნაციონალური, ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, არაერთი ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში. ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებული იქნა ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს.
ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ.
საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 80-მდე და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.
ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ტრანსნაციონალური, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის მიზნით, საქართველოს პროკურატურამ 2021 წლის ოქტომბერში, გერმანული მხარის ჩართულობითა და „ევროჯასთის“ მხარდაჭერით დაგეგმილი ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა 11 პირის მიმართ დაიწყო და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.
აღნიშნული სპეციალური ოპერაცია ერთდროულად ორ ქვეყანაში, ათეულობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
საქართველოში ჩატარებული აღნიშნული სპეციალური ოპერაცია მაღალ დონეზე შეფასდა „ევროჯასთის“ მიერ გავრცელებული განცხადებით, სადაც აღინიშნა, რომ „ევროჯასთის“ მხარდაჭერით, ჯერ კიდევ 2015 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უწყებებმა გერმანიაში, საქართველოსა და ისრაელში დაშალეს დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც ახდენდა სხვადასხვა ონლაინ სავაჭრო პლატფორმის ოპერირებას და თაღლითურად ეუფლებოდა დაზარალებულთა კუთვნილ, ათობით მილიონ ევროს.
საქართველოს პროკურატურაში, 2022 წელს, ტრანსნაციონალური, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობის შედეგად, პროკურატურის მიერ დამატებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ათეულობით ფიზიკური და რამდენიმე იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ.
გარდა აღნიშნულისა, კიბერსივრცეში ჩადენილი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის გახსნის და დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების გამოვლენის მიზნით, 2022 წლის ნოემბერში საქართველოს პროკურატურამ ევროჯასთის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის წევრი – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა.
საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და უშუალოდ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 300-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.
ამ შემთხვევაშიც, გამოძიებით გამოვლენილი დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების მოწყობას, აღნიშნული ქოლცენტრების მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას.
ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ხუთი ე.წ. მოქმედი ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ძვირადღირებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს.
ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, მათ შორის საქართველოში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორის დაკავება მოხდა, რომლის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის გადაცემის საკითხის განხილვა დასკვნით ფაზაშია.
ასევე, საქართველოს პროკურატურამ მიმდინარე წლის მარტში, თაღლითური ონლაინ-პლატფორმებისა და სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად, მორიგი სპეციალური ღონისძიება ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა ქმედებების შედეგად ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 33 000 მოქალაქეს, 89 მილიონი ევროს ზიანი მიადგა.
საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებას საქართველოს პროკურატურა, ევროჯასთში საქართველოს მეკავშირე პროკურორთან კოორდინაციით უძღვებოდა.
საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელში და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებული იქნა შესაძლო დანაშაულში მონაწილე 5 პირი. ასევე, გამოიკითხნენ სავარაუდო დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პირები, ამოღებული იქნა უამრავი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები.
აღსანიშნავია, რომ ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელი ზემოაღნიშნული სპეციალური ოპერაციები, საქართველოს პროკურატურისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის წარმომადგენლების ჩართულობით იგეგმებოდა ათეულობით საკოორდინაციო შეხვედრაზე, რამდენიმე თვის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეები წარმოადგენს ურთულესი გამოძიების საგანს, რადგან დანაშაულის სუბიექტები ერთდროულად ოპერირებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და სწორედ ამიტომ მჭიდრო ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გარეშე ეფექტიანი გამოძიების წარმოება შეუძლებელია. ხშირ შემთხვევაში დაზარალებული იმყოფება ერთ ქვეყანაში, ხოლო ქოლცენტრი და ქოლცენტრის ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი სერვერები მდებარეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
აქვე, გვინდა ხაზი გავუსვათ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ეფექტიან და წარმატებულ მონაწილეობას, რაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის გერმანიის პროკურატურის და ევროჯასთის მიერ.
გვსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. დანაშაულებრივი სქემისა და მონაწილე პირების გამოვლენაში ჩართულია არაერთი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, ევროპული ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს.
ამავდროულად, საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, „ევროჯასთის“ კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, განსაკუთრებით ტრანსნაციონალური დანაშაულების ორგანიზატორების მხილების მიზნით. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული გამოძიების შედეგების თაობაზე საზოგადოებას აქტიურად მიეწოდება ინფორმაცია, ამის დასტურია არაერთი ბრიფინგი და განცხადება უცხოელ პარტნიორებთან ერთად. თაღლითური ქოლცენტრების საქმეების საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების შედეგების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.