თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადის საქმის განხილვა, რომელი დღეს 12 საათზე იყო ჩანიშნული, 8 აპრილამდე გადაიდო. 

სასამართლოში საქმის განხილვა დასრულდა. დღევანდელ პროცესზე იყო მოლოდინი, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა. თუმცა, საქმეში ბრალდებულმა სხდომათა დარბაზში მოსვლაზე უარი განაცხადა და დისტანციურად ჩართვა მოითხოვა. რასაც მოსამართლე ზვიად შარაძე არ დათანხმდა და სხდომა გადადო.

შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო. 

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.