გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთსა და კახეთში 3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (გეზრულა და ჩხირაულა) და კახეთში, ქალაქ ახმეტაში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ასევე, კუთვნილ მიწის ნაკვეთში ჰქონდათ მოწყობილი.
ტერიტორიებიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული წიფლისა და წაბლის სახეობის 21 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და წაბლის სახეობის 5 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.