საპროკურორო საბჭომ, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი დაიწყო, რაც  კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად 1 კვირის ვადაში  უნდა დასრულდეს.

საპროკურორო საბჭოს წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის მიერ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებაზე , რომლის თანახმადაც, საპროკურორო საბჭოს წევრებმა, კანონით დადგენილ ვადაში, საქართველოს პარლამენტისთვის გენერალური პროკურორობის კანდიდატი უნდა წარმოადგინონ.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების  მიხედვით,  საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.


საპროკურორო საბჭო, მის მიერ მხარდაჭერილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, შესაბამისი დასაბუთებით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

საპროკურორო საბჭოს მორიგი სხდომა 17 ივნისს გაიმართება, რა დროსაც საბჭოს წევრები გენერალური პროკურორობის კანდიდატებს წარმოადგენენ.