საქართველოს პროკურატურის დელეგაცია, გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვია.
ლიეტუვის გენერალური პროკურორის სპეციალური მიწვევით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ირაკლი შოთაძე მოხსენებით წარდგა ლიეტუვის რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე - "სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოვლენა, გამოძიება და პრევენცია თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში".
ღონისძიებას ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, სხვადასხვა ქვეყნის პროკურატურების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.
თემატური პანელური დისკუსიის ფარგლებში, გენერალურმა პროკურორმა კონფერენციის მონაწილეებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული რეფორმები, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები გააცნო.
“საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლის სტრატეგიის დოკუმენტში, ისევე როგორც წინა წლებში, მნიშვნელოვან პრიორიტეტად განსაზღვრულია შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება. ამ მიმართულებით სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკის განხორციელებამ, პროკურორების სპეციალიზაციის დანერგვამ და მათი უნარების განვითარებამ ხელშესახები პროგრესი გამოიწვია. ეს პროგრესი სისხლისსამართლებრივი დევნის გაზრდილი მაჩვენებლითაც აისახება. ჩვენ მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან და ყოველთვის მზად ვართ, სხვა ქვეყნებს ჩვენი წარმატებული გამოცდილება გავუზიაროთ.” - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მოხსენების ნაწილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თაობაზე საქართველოში არსებული სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემების შესახებ მიმოხილვას დაეთმო.
საერთაშორისო კონფერენცია ლიეტუვის პროკურატურის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ლიეტუველ კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა, საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.