ელექტროენერგია არ მიეწოდება რეგიონის ნაწილს, დროებით შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მოძრაობა ასევე აკრძალულია ვაზიანი-გომბორი- თელავის საავტომობილო გზაზე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს აქტიური სამუშოაები.
„უხვი ნალექი, თოვლის სახით გვაქვს რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა და ხდება ტექნიკური მარილის გაშლა.
კოორდინირებულად ვმუშაობთ რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ასევე, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დროებით შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.
ელექტროენერგია არ მიეწოდება გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტების გარკვეულ სოფლებს, ამ მიმართულებითაც, მიმდინარეობს სამუშაოები და ეტაპობრივად ხდება ელექტრომომარაგების აღდგენა", - აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.