საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალის გახსნის ცერემონიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი, ნატალი სტიუარტ-ფოქსი, ასევე საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის სფეროს ექსპერტები, ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები ესწრებოდნენ.
,,წყალტუბოს ისტორიაში პირველად იმართება „საქართველოს საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი“, სასიხარულოა, რომ ეს ფესტივალი ტრადიციული სახალხო დღესასწაულის ,,შემოდგომის წყალტუბოს ფარგლებში ჩატარდება და ხელს შეუწყობს წყალტუბოს როგორც ტურისტული ქალაქის პოპულარიზაციას, ასევე მოგვცემს საშუალებას უფრო ფართო აუდიტორიას, მათ შორის კინოინდუსტრიის უცხოელ სპეციალისტებს და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს გავაცნოთ მწვანე ქალაქი, რომელიც ყოველწლიურად უამრავ დამსვენებელსა და ვიზიტორს მასპინძლობს’’- აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ
როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა ნატალი სტიუარტ-ფოქსმა განაცხადა 29 სექტემბერს საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში’’ 12 საათიდან დაიწყება კინოჩვენება, წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი ფილმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ. ,, ციფრულ ხანაში აქტუალური გახდა ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაცია, ტურიზმის ვიდეო მარკეტინგის ინდუსტრია ტურისტული კინოფესტივალების სახით იძლევა შესაძლებლობას პოპულარიზაცია გაუწიოს ტურისტულ მიმართულებებს, სერვისებს თუ ტურისტულ პროდუქტებს მოკლე ფილმების სახით, რომელსაც იღებენ, როგორც ბლოგერები, ასევე კინომოყვარულები და ახალგაზრდები. აღნიშნული ფილმები იმარჯვებენ სხვადასხვა ფესტივალებზე, აქედან გამომდინარე გაგვიჩნდა იდეა, რომ საქართველოში გაგვემართა საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი, წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, ამ ფესტივალმა სტარტი მწვანე ქალაქიდან აიღო. ამ ეტაპზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში ტურიზმის სხვადასხვა დარგის განვითარების შესახებ გადაღებული ფილმები, დარწმუნებული ვარ ეს ფესტივალი იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ’’- აღნიშნა ნატალი სტიუარტ-ფოქსი, რომელიც არის ქართული დიასპორის წარმომადგენელი ინგლისში, ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ესპანეთის ქალაქ მარბელსა და საქართველოს დიასპორული სავაჭრო პალატის წარმომადგენელი უელსში.
საერთაშორისო ტურიტული ფესტივალის სტუმრები დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან რომ საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობით, ისტორიით, მრავალფეროვანი ბუნებით და საოცარი სტუმარმასპინძლობით, ქვეყანა, რომელიც იზიდავს მილიონობით საერთაშორისო მოგზაურსა და ტურისტს.