სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ წალენჯიხაში, იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის სამშენებლო სამუშაოებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია გაეცნენ.
ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალი ფილიალის ამოქმედების შემდეგ წალენჯიხის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, იუსტიციის სახლის 600-ზე მეტი სერვისით თანამედროვე და კომფორტულ გარემოში ისარგებლოს. სივრცე სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
ფილიალში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. აქვე განთავსდება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისები.
წალენჯიხის იუსტიციის სახლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რიგით მე-16 ფილიალი იქნება. ამჟამად რეგიონში იუსტიციის სახლის 15 ფილიალი ფუნქციონირებს: ჭალადიდში, ხობში, სენაკში, აბაშაში, მარტვილში, ფოთში, მესტიაში, ზუგდიდში, რუხში, ორსანტიაში, ცაიშში, ჩხოროწყუში, ლესიჭინეში, ჯვარსა და ჯგალში.
სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ქვეყნის მასშტაბით ამჟამად იუსტიციის სახლის 128 ფილიალი ფუნქციონირებს.









