საკრუიზო ლაინერს, რომელიც ბათუმში დილის 06:00 საათისთვის შემოვიდა, ისევ აქციებით დახვდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლაინერამდე მისასვლელი გზა გადაუკეტეს, რასაც მოყვა  მათი სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებთან. სავარაუდოდ დაკავებულია ათამდე ადამიანი.

ნავსადგურის ტერიტორიამდე მისასვლელი, გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი გადაკეტილი აქვთ სამართალდამცველებს, მეორე ნაწილი კი აქციის მონაწილეებს. გემის მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილეზებულები.

საკრუიზო ლაინერიდან მგზავრები სავარაუდოდ მალე დაიწყებენ ჩამოსვლას, რასაც აქციის მონაწილეები სტვენით აპროტესტებენ. 

ადგილზე,  მოქალაქეების გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ,  რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.