საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
"გვსურს გამოვეხმაუროთ „ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კომპანია „ერ ტე დე“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9-კმ20 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა გასულ წელს - 2023 წლის 9 ნოემბერს.
ტენდერი გაიხსნა და სატენდერო წინადადებების შესწავლა-შეფასება დაიწყო 2023 წლის 15 დეკემბერს. მასში მონაწილეობდა 3 პრეტენდენტი. კომპანია „ერ ტე დე“, იმის გათვალისწინებით, რომ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მითითებული ჰქონდა ყველაზე დაბალი ფასი, გამარჯვებულად გამოვლინდა 2023 წლის 22 დეკემბერს.
კომპანია „ერ ტე დე“-ს მოწვევა ხელშეკრულების გასაფორმებლად გაეგზავნა 2024 წლის 4 იანვარს, ხოლო მასთან ხელშეკრულება გაფორმდა 2024 წლის 18 იანვარს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარჯვებულის გამოვლენისას იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად და არ გააჩნდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ანდა ტენდერის შეწყვეტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი.
ასევე, დეპარტამენტს არანაირი კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. უფრო მეტიც, სწორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უარი იქნებოდა კანონდარღვევა.
მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ სატენდერო დოკუმენტებში ნათლად ჩანს ტენდერის გამოცხადებისა და დასრულების ვადები, ტელეკომპანიის წარმომადგენლები, კომპეტენტურ უწყებასთან გადამოწმების გარეშე, შეგნებულად ავრცელებენ არასრულ ინფორმაციას, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს - კვლავ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა და მოახდინონ სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაცია." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.