პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ კანონპროექტი „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, ასევე მისი თანმდევი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, საგარეჯოს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში, 21 761 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცივ-გომბორის ეროვნული პარკი შეიქმნება. საკანონმდებლო ინიციატივა ასევე ითვალისწინებს სიღნაღის აღკვეთილისა და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის შექმნას.
მომხსენებლის განმარტებით, ცივ-გომბორის ეროვნული პარკის შექმნა რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის მართვას სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხოლო ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვას, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი განახორციელებს.
სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა სარატიფიკაციო დოკუმენტი - „2027 წლის 12 ივნისს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების“ N5 ცვლილების წერილ-შეთანხმება წარმოადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, წერილ-შეთანხმება სესხის ათვისების ვადისა და შეთანხმების დახურვის ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
შესაბამისად, ცვლილების თანახმად, ხელმისაწვდომობის ვადად 2026 წლის 31 ივნისი, ხოლო დახურვის ვადად - 2026 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.




