საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას ბავშვისათვის გაწეული არასწორი/არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება დაევალა
ორგანიზაციის ინფორმაციით, ქუთაისის ფილიალი იცავდა სამი წლის ბავშვისა და მისი ოჯახის ინტერესებს, რომლებიც ითხოვდნენ არასწორი/არაკვალიფიციური გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დამდგარი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.
"საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, 3 წლის პაციენტი სამედიცინო დახმარებისთვის მიიყვანეს ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვს უცხო სხეული (პლასტმასის ბურთულა) ჰქონდა ყურში მოთავსებული და საჭიროებდა მის ამოღებას. უცხო სხეულის ამოღებისას ექიმს სამედიცინო იარაღი ჩაუტყდა ყურის სასმენ მილში, რომლის ამოღებაც ვეღარ მოხერხდა. აღნიშნულის შედეგად ბავშვს განუვითარდა სახის ასიმეტრია და დაუზიანდა სასმენი მილი. ბავშვის დიაგნოზია სმენის მეორე ხარისხის დაქვეითება მარჯვენა ყურში, რის გამოც მას მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
საიას დახმარებით, არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართა „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ და სასამართლოს. სააგენტომ გაწეული სამედიცინო დახმარების შემოწმების შედეგად დაადგინა მთელი რიგი დარღვევები. კერძოდ, გამოიკვეთა, რომ ბავშვის მიმართ არ იქნა გათვალისწინებული პედიატრიული გადაუდებელი მდგომარეობების შემთხვევაში პაციენტის საგულდაგულო გამოკვლევის/გასინჯვის მოთხოვნები, დიაგნოსტიკური ტესტების ერთდროული გამოყენების შედეგად არ იქნა შეფასებული რისკები და განხორციელებული მკურნალობა და სხვ.
პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სამედიცინო დახმარების განმახორციელებელი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას, ექიმს 6 თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებით, ბავშვისა და ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებას მათ სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ გაწეულ სამედიცინო დახმარებას შედეგად არ მოჰყვა პაციენტის გამოჯანმრთელება. მეტიც, მისი მდგომარეობა პოსტოპერაციულად გართულდა და საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბავშვი დამატებით ოპერაციულ ჩარევას და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.
სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ დასკვნაც. სასამართლომ მიუთითა, რომ არასრულწლოვნის ასეთი მდგომარეობა იწვევს განგრძობად ნეგატიურ განცდებს და სტრესს, რის გამოც აშკარა იყო მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები." - ნათქვამია საიას გავრცელებულ ინფორმაციაში.