საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელი გზის (მუხნარის ტყის ტერიტორია) რეაბილიტაცია დაასრულა.
რეაბილიტირებული 5 კმ-იანი მონაკვეთით იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზა, რომელიც ქალაქ ქუთაისს ბაღდათთან და ვანთან აკავშირებს. აღნიშნული მონაკვეთი მიდის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტამდეც. შესაბამისად, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ისე რეგიონის ვიზიტორებისა და ტურისტებისათვის.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის სავალ ნაწილს, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო და რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე ჭები, ღობეები და ლითონის მოაჯირები, გვერდულები, ბეტონის ბორდიურები, ტროტუარები, ველობილიკი, მიერთებები და მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, ავტოპავილიონი, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და საგზაო ნიშნები. მოინიშნა და შემოიფარგლა გზის სავალი ნაწილი.
რეაბილიტირებულ მონაკვეთზე მოეწყო გარე განათების სისტემაც.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 8.6 მილიონი ლარი შეადგინა.