გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავდაპირველად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული კუთხე, სხვადასხვა ორგანიზაციის სტენდი, თემატური ინსტალაციები, საგამოფენო სივრცე და საბავშვო ატრაქციები; თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა; გაიმართა კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა, ასევე, კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.
ღონისძიებას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, პარლამენტის წევრი, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს ვულოცავ მთელ საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს და ჯარისკაცებს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან სამშობლოს! 26 მაისი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და სამშობლოსთვის თავდადებული გმირები. სწორედ მათი თავგანწირული ბრძოლის შედეგია, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებელი ქვეყანაა. ყველა ჩვენგანის ვალია გავუფრთხილდეთ ამ დიდ მონაპოვარს და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი და ეროვნული ფასეულობები. რაც გვეამაყება და გვაერთიანებს - ეს დღე ჩვენია! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას! მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ოჯახს!“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
„ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ - ამ სლოგანით სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, მასტერის და ბენდის „რეზო და ბავშვები“ კონცერტით დასრულდა.