რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კეთდება ბაილეთი - ჭანიეთური - კონჭკათის დამაკავშირებელი გზა. საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. 

მიმდინარე სამუშაოები, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა. 

„საზოგადოებას დავპირდით და ვასრულებთ პირობას - ვაკეთებთ ბაილეთი - ჭანიეთური - კონჭკათის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას. აქ გზა კაპიტალურად არასოდეს გაკეთებულა და ჩვენს თანამოქალაქეებს ეს პრობლემა ძალიან აწუხებდათ. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.