ძლიერი წვიმის შედეგად აჭარის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენები განვითარდა.
ქედაში, სოფელ დოლოგანში საცხოვრებელი სახლის დანგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ქედის მერიის ინფორმაციით, სახლი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობდა.
სტიქიური მოვლენები განვითარდა ასევე ხელვაჩაურში. გამთენიისას მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადავიდა, დაიტბორა რამდენიმე სახლი და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, რომელიც მიმდინარე პროცესებს პირადად გაეცნო.
დიასამიძის თქმით, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, აჭარის საგზაო დეპარტამენტთან კოორდინირებულად მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს სტიქიის შედეგების აღმოფხვრა.
„სტიქიის შედეგად მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა რამდენიმე სახლი და საპიკნიკე ზონა. ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსახლეობასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ამ ეტაპზე სიმშვიდე ნარჩუნდება“, – განაცხადა დიასამიძემ.