სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაბა წაღვერში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა მკვიდრმა 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი. მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.
„კანონდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგები. მნიშვნელოვანია, რომ სატყეო სამსახურის თანამშრომლები მონიტორინგს დრონების საშუალებითაც ახორციელებენ, რაც ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის ეფექტური საშუალებაა“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.