ხაშურში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი.


პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე, მერის თანაშემწე მერაბ ბარბაქაძე, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ თურქული კომპანიის- „JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad. Tic. A.S“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა, პროექტის დეტალების განხილვას ემსახურებოდა. მათ შორის, პირველ რიგში მთავარი და პრიორიტეტული ქუჩების მოწესრიგებას, რაც მუნიციპალიტეტს ასფალტის დაგების საშუალებას მისცემს.
დღეის მდგომარეობით, ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები მოძველებულია, რაც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის. ქალაქს წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ხაშურის მოსახლეობის, დაახლოებით 30 000 ადამიანი, 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი ხორციელდება საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ADF) ფინანსური მხარდაჭერით. აღსანიშნავია ისიც, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია დააპროექტებს ქუჩებს და იქ სადაც წყლის პროექტი განხორციელდება, ეტაპობრივად, მოაწესრიგებს საგზაო ინფრასტრუქტურასაც.
შეხვედრები პერიოდულად იმართება სხვადასხვა ქუჩის მცხოვრებლებთანაც პროექტის მიმდინარეობისას მათი მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით.