ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იგება დეკორატიული ფილები, გაკეთდა განათებები, დამონტაჟდა სკეიტბორდის მოედნის, ფანჩატურების, საბავშვო ატრაქციონებისა და შადრევნის კონსტრუქციები.
სამუშოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და მერის მოადგილე ზვიად ქურდაძემ დაათვალიერეს. „ტაბიძის ქუჩის პარკი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და განსაკუთრებით, ახალგაზრდების საყვარელი ადგილია, ამიტომ სივრცის გალამაზება და კომფორტულად მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც სტანდარტებს შეეფერება, საბავშვო ატრაქციონების კუთხეს კაუჩუკის მინდორი ექნება, დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და შეიღებება ცენტრალური შემოსასვლელი, ამასთან შენარჩუნდება კოლონადა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პარკის ღობის მოწყობა,"- აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძის განმარტებით, პროექტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ერთობლივად აფინანსებს. მისი ღირებულება 1 234 777 ლარს შეადგენს.