ხაშურის მუნიციპალიტეტს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სპეციალური პრიზი გადაეცა. 


საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program) რომელიც კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარების აღიარებული ინსტრუმენტია.
ხაშურის მუნიციპალიტეტის პროექტი ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალოვადიანი(2024-2027წ.წ.) სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის (2024-2025წ.წ.) შემუშავება’’ გამარჯვებული გახდა ნომინაციაში ,,ადგილობრივ დონეზე საშუალოვადიანი განვითარების დაგეგმვა; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა’’.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, გიორგი პაპიაშვილს გადაეცა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა სტრატეგიის შემუშავების პროცესში სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობის მნიშვნელობას და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანს სტრატეგიის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში გაწეული ღირებული ძალისხმევისთვის. სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა საპროექტო განაცხადის ავტორიც - მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი ნინო სუხიაშვილი. 
რიგით მეშვიდე ეროვნული კონფერენციის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტი დუშეთისა და დმანისის მუნიციპალიტეტებთან ერთად შეუერთდა ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას. 
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ლელა მაჭარაშვილი, რომელმაც საშუალოვადიანი სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების პროცესში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია სპეციალური პრიზებით ყოველ წელს აჯილდოებს მუნიციპალიტეტებს.
წელს ჯილდოები თერთმეტ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულმა მუნიციპალიტეტებმა მიიღეს.