,,სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. მთელ რიგ მუნიციპალიტეტებს უკვე დაწყებული აქვთ პროცესი ამ მიმართულებით. გამოიყო გარკვეული თანხა იმისათვის, რომ აღნიშნული პროცესი შეუფერხებლად ხორციელდებოდეს. მთლიანობაში, დაახლოებით, 20 მილიონი ლარის ზიანზე არის საუბარი, რომელიც ძალიან დიდია“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებულების მხარდაჭერა, ამ პროცესში მუნიციპალიტეტები ინტენსიურად არიან ჩართულები, დაწყებულია მასალების შესყიდვა და მთელი რიგი სამუშაოები. მისი თქმით, დეტალები ცნობილი გახდება უკვე შემდგომ, როდესაც ყველა თანხა დაზუსტდება, თუმცა პროცესი დაწყებულია და ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს.