ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი 4-ზოლიანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის რამდენიმე დღეში გაიხსნება.
მინისტრთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, სამუშაოები დაათვალიერეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ბექა ურუშაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ.
მოცემული მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება.




