"მსურს, ვუთხრა ახალციხის მოსახლეობას, რომ სამინისტრო ყველა არსებული გამოწვევის საქმის კურსშია და ჩვენ სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

ვმუშაობთ საბოლოო ნუსხაზე, რომ განვსაზღვროთ თუ სად, რომელ სკოლებში გვაქვს სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები პირველ ეტაპზე ჩასატარებელი.

ამ ეტაპზე აღნიშნულ ნუსხას და რიგ საკითხებს გავდივართ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად,  რათა  დაუყოვნებლივ  მოხდეს პროცესების დაწყება.

მინდა, დარწმუნებით გითხრათ, რომ ახალციხის მე-2 საჯარო სკოლა ამ ჩამონათვალში შეტანილია და ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რესურსცენტრის წარმომადგენლებთან, დელეგატთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით აქტიურ რეჟიმში განვიხილავთ დეტალებს, რათა განვსაზღვროთ სარეაბილიტაციო თუ ასაშენებელი სკოლების საბოლოო ჩამონათვალი”, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ახალციხის N2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძის თქმით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ, კანონიდან გამომდინარე, პირველ სექტემბერს შეწყვიტა არსებობა, შესაბამისად, სკოლების სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა. თუმცა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო რჩება დამკვეთად და სამინისტროები ერთობლივად იმუშავებენ სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

,,ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ აუცილებლად მივალთ დასახულ მიზნამდე - რომ ქვეყნის მასშტაბით როგორც დედაქალაქში, ასევე, ყველა რეგიონში ჩვენი აღსაზრდელებისა და მასწავლებლებისთვის უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და კომფორტული სასწავლო გარემო,” - აღნიშნა მინისტრმა.