ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, კომპანიის დირექტორთან დავით კვინიკაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცხემლისხიდი, დვაბზუ და მშვიდობაური, დასრულების ეტაპზეა წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რაც 3,800-მდე ბენეფიციარს 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლის შესაძლებლობას მისცემს. აშენდა 92.5 კმ-იანი ქსელი, ორი სათავე ნაგებობა, საქლორატორო, სატუმბი სადგურები და რეზერვუარი.

პარალელურად მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთისა და დაბა ურეკის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაცია-მშენებლობა. მოეწყობა 75 კმ-იანი ქსელი, ოთხი ჭაბურღილი, სამი რეზერვუარი, საქლორატოროები და აღრიცხვის კვანძები. პროექტი 19,000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს 28.5 კმ-იან ქსელს, ექვს ჭაბურღილს, სატუმბ სადგურსა და რეზერვუარს. 11,000-მდე მოქალაქე მუდმივი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამივე პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მათი საერთო ღირებულება 93 მილიონ ლარს აჭარბებს. რეგიონში ამჟამად მიმდინარეობს 7 პროექტი, ჯამურად 117 მილიონი ლარის ღირებულებით.