დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოში, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
მონაწილეებმა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის პოტენციალის შესწავლის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო გეგმარებითი დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეგიონის განვითარების მიმართულებით.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებულ პროცესებზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება, მათ შორის, განისაზღვრება გეგმარებითი დაცული ტერიტორიების საზღვრები, ზონები, რომლის შესაბამისად მომზადდება კანონპროექტი.
ახალი დაცული ტერიტორიების შესწავლისა და შექმნის პროცესი გერმანიის მთავრობის პროექტის (BMZ/ KfW) – „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში" მხარდაჭერით მიმდინარეობს.