ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ღონისძიებასთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე, დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საბავშვო გასართობი შოუ-პროგრამები, ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების წარმოდგენები.

გაიმართა კონცერტები სხვადასხვა საბავშვო სტუდიის მონაწილეობით. ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულმა ანდრია ფუტკარაძემ, ნიაკო გოგიტიძემ და ანასტასია ვასაძემ. ღონისძიება ჯგუფ „ალილოს“ კონცერტით დასრულდა. 

ნაძვის ხის ანთებას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დაესწრო. „დღეს, 25 დეკემბერს, ტრადიციულად ავანთეთ ჩვენი ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა საბავშვო-გასართობი ღონისძიებები. მომდევნო დღეებში და 7 იანვრის ჩათვლით მოეწყობა საახალწლო სოფელიც. შესაბამისად, ყველა ბათუმელს, ჩამოსულ სტუმრებს, განსაკუთრებით კი პატარებს, შესაძლებლობა ექნებათ შესანიშნავი დრო გაატარონ სადღესასწაულო გარემოში“ - არჩილ ჩიქოვანი.