ბათუმის მერის ანგარიშის წარდგენა საკრებულოში, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია არჩილ ჩიქოვანს დაუპირისპირდა, პრეზენტაციის დროს, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მიღებისას, რუსეთის რუკის გამოყენება გახდა.
აღნიშნული ფაქტი, მოგვიანებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, გრაფიკოსის შეცდომით ახსნა, პრეზენტაციის შინაარსზე კი, პასუხისმგებლობა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა აიღო.
"მინდა მივულოცო ჩვენ ქვეყანას, ქართველ ხალხს, განსაკუთრებით ჩვენ ქალაქს ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ისტორიული მიღწევა ჩვენი ხალხის ევრომისწრაფებები მრავალი საუკუნის განმავლობაში, სულხან-საბას ეპოქიდან მოყოლებული მუდმივად იყო ერთგულება იმ პრინციპების, რაც გააჩნია ევროპას და ს არის დამსახურება ხალხის და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების", - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა თავის მისალოც სიტყვაში.
ქალაქის მერს, მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მომხდარის გამო, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩილ ჩიქოვანის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. რეზო ხარაზის განცხადებით, ქალაქის მერმა საკრებულოს წინაშე მოხსენებისას რუსეთის რუკა მიზანმიმართულად გამოიყენა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოვითხოვთ გადადგეს ქალაქ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი. ჩვენ არ გვჭირდება მერი, რომელმაც რუკა არ იცის, არ იცის სად არის ევროკავშირი ან რუსეთი. გაერკვეს ქალაქის მერი, ეს არის მიზანმიმართული ქმედება", - აცხადებს, რეზო ხარაზი.
ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზედაც ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს. ბიუჯეტის პროექტით 382 მილიონი ლარია გათვალისწინებული, პრიორიტეტები კი თითქმის უცვლელია. ესენია ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები, რომელთა სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გეგმავს მერია - ამბობენ მმართველ გუნდში.
ბიუჯეტის არსებულ ვარიანტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, მათი განცხადებით, მმართველმა გუნდმა, ოპოზიციის არც ერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა.