2025 წლის 26 მარტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბიზნეს განვითრებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრში ღვინის პირველი ევროსტანდარტის ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც არა მხოლოდ იმერეთის რეგიონის მეღვინეებს, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს ღვინის მწარმოებლებს მოემსახურება.
თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ღვინის ლაბორატორია ხელს შეუწყობს რეგიონში მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების მნიშვნელოვან განვითარებას, ღვინის ექსპორტის ზრდას და მეღვინეებს შორის ჯანსაღი კონკურენტუნარიანობის არსებობას.
ღვინის ხარისხის სერტიფიცირების სერვისებზე მომსახურება აქამდე მხოლოდ თბილისში იყო ხელმისაწვდომი, რაც იმერელი მცირე და საშუალო ღვინის მწარმოებლებისთვის გარკვეულ წინაღობას ქმნიდა და დაკავშირებული იყო ტრანსპორტირების ხარჯებთან. ამიერიდან კი რეგიონში ადგილობრივი მეღვინეებისთვის ღვინის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე დროული ლაბორატორიული მომსახურება მარტივი, სწრაფი და ეფექტური შესაძლებლობა გახდება, რაც ზოგადად დასავლეთ საქართველოში ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
- ბაღდათში ღვინის ლაბორატორიის გახსნა, რომელიც დასავლეთ საქართველოს საჭიროებებს მოემსახურება, მნიშვნელოვანი მაგალითია, რომ ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს რეგიონების მიმართ. ინვესტიციის მიზანია, მდგრადი ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ადგილობრივ მოსახლეობას, რაც გულისხმობს, რომ გაუმჯობესებული ღვინის ხარისხი და შემცირებეული ხარჯები გაზრდის მეწარმეთა ფინანსურ სარგებელს. გარდა ამისა, მოცემული ინიციატივის შემუშავება და განხორციელება მართლაც ევროპული მოვლენაა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადეობასა და პროფესიულ სასწავლებლებს. - ღვინის ლაბორატორიის გახსნისას განაცხადა ჰოვარდ ჰარდინგმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) მთავარმა ხელმძღვანელმა.
მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიული ანალიზების რეგულარულ ჩატარებას ღვინის წარმოების მთელი პროცესის განმავლობაში ყველა ეტაპზე: დაწურვა, დაყენება, დავარგება, ჩამოსხმა. ამასთან 2023 წლის 1 იანვრიდან ღვინის მწარმოებლებს ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას ავალდებულებს საკანონმდებლო მოთხოვნა „ალკოჰოლიანი სასმელის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსების წესის“ სახით. რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია წარადგინოს ღვინის შესაბამისი სერტიფიკატი/შესაბამისობის დეკლარაცია. ზემოაღნიშნული ვალდებულება ლაბორატორიული კვლევების ჩატარების აუცილებლობას და შესაბამისობის დადგენას მოითხოვს, როგორც ჩამოსასხმელი, ასევე ბუტლირებული ფორმით ღვინის რეალიზაციისას.
ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) CESL-ის პროგრამის მიხედვით დაფინანსებული ღვინის ლაბორატორია, რომლის მუშაობასაც იმერული ღვინის ასოციაცია უზრუნველყოფს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის ბაზაზე მოეწყო.
- CESL -ის პროექტის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინიციატივას რეგიონში საერთაშორისო სტანდარტის ღვინის ლაბორატორიის მოწყობასა და ტექნიკურ აღჭურვაზე მყისიერად დავთანხმდით. პროექტი ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული, რომელსაც ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). ვფიქრობ, რომ ღვინის ლაბორატორიის არსებობას უდიდესი და მნიშვნელოვანი როლი ექნება რეგიონში მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის, ვინაიდან ღვინის ხარისხის სერტიფიცირების სერვისებზე მომსახურება აქამდე თუ მხოლოდ თბილისში იყო ხელმისაწვდომი, დღეიდან ხარისხიანი ღვინის მისაღებად ღვინის ლაბორატორიის სრული სერვისით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივი ღვინის მწარმოებლები, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტებისა და მთლიანად დასავლეთ საქართვლოს რეგიონის მეღვინეები. - ღვინის ლაბორატორიის გახსნისას აღნიშნა აკაკი რუხაძემ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ექსპერტმა.
ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით GIZ ახორციელებს 4 წლიან პროგრამას - EU4ITD - „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი. ამ სოლიდური პროექტის მიზანია მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის "კატალიზირება", დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, ამ პროგრამის მნიშვნელობა წარმოადგენს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.