აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე პროგრამული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, პროგრამის კიდევ უფრო დახვეწისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით, ონკოლოგებს და პაციენტებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, ონკოპაციენტთა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, ძვირადღირებული დიაგნოსტიკური კვლევებისა და მედიკამენტებით ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისაუბრეს.
აჭარაში ონკოქირურგია 2022 წლიდან სრულად ფინანსდება. ხოლო, 2023 წლიდან - აჭარის მთავრობამ კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსება 100 % - მდე გაზარდა. კვლევა უფინანსდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს. ასევე, PET- პოზიტრონულ - ემისიური ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება პაციენტებს უკვე აჭარაშიც შეუძლიათ. ახალი სამედიცინო სერვისი ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში ამოქმედდა.
წლის 1 აგვისტოდან ონკოპაციენტებისთვის საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტები, სრულად, თანაგადახდის გარეშე დაფინანსდება. ასევე, მოიხსნა თანხობრივი შეზღუდვა პაციენტების მომართვაზე, გაიზარდა ასევე წლიური ლიმიტი.