ოპოზიციურ პარტიას როდესაც მანდატი გაქვს, ეს არის შენი ბერკეტი და ბერკეტის დათმობაც არის პოლიტიკური მექანიზმი. ამიტომ ეს პოლიტიკური მექანიზმი, შეიძლება, გაცილებით უფრო ჭკვიანურად და ეფექტურად გამოიყენო, ვიდრე ცხელ გულზე მოისროლო და დარჩე ცარიელ-ტარიელი ყოველგვარი ბერკეტის გარეშე, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იმავე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ. ახლა იმაზე ლაპარაკი, როდის დაწერთ განცხადებას, როდის ჩახსნით სიებს… ეს ეჭვები არის ეჭვები. დაგვიტოვეთ იმის უფლება, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, როდის გავაკეთებთ ამას. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებსა და საერთაშორისო საზოგადოებასთან, ვისთანაც ვართ აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში. უკვე რამდენჯერმე ვთქვი, არ შევალ პარლამენტში-მეთქი და უკვე ერთი და იგივე შეურაცხმყოფელიც კი არის. მე დამიჭრია ეს მანდატი და გადამიყრია ხალხში, მქონდა ასეთ რამ ბიოგრაფიაში, 2008 წელს.
ოპოზიციურ პარტიას როდესაც მანდატი გაქვს, ეს არის შენი ბერკეტი და ბერკეტის დათმობაც არის პოლიტიკური მექანიზმი. ამიტომ ეს პოლიტიკური მექანიზმი, შეიძლება, გაცილებით უფრო ჭკვიანურად და ეფექტურად გამოიყენო, ვიდრე ცხელ გულზე მოისროლო და დარჩე ცარიელ-ტარიელი ყოველგვარი ბერკეტის გარეშე. წინ არის ხანგრძლივი პოლიტიკური ბრძოლის პროცესი. ვამბობთ, არ შევალთ, ხელფასებს არ ავიღებთ. ნება მოგვეცით, ეს უკიდურესი ნაბიჯი გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩავთვლით ყველაზე მიზანშეწონილად, საჭიროდ. არავინ აპირებს პოლიტიკური თვითმკვლელობის ჩადენას“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.